განწყობა

ქალაქში საშინელი ხმაურია

ცხელა და . . . :(

მაკლია მაგრამ არ ვიცი რა . . .

იქნებ შევძლო . . .


Friday, November 18, 2011

სულის სიმშვიდის . . .

რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, ერთი კედელი ვიპოვე თავშესაფარი და იქ შევაფარე თავი, ღიმილიანი სახით მივაკითხავდი, რაღაც უჩვეულო იყო იქ, მშვიდად და კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც კი გულის ემოცია აფეთქდებოდა იქ გავრბოდი როგორც ჰიუგოს ერთი ზღვის ყურეში, სადაც წლის ყველა დროს მზე და სითბოა, ინსტიქტები თავისას აკეთებს - თვითგადარჩენის, (ჯავახიშვილის მოთხრობა “კურდღელი ” მახსენდება),
რა არის სწორი და რა არასწორი, რა სიმართლე და ჭეშმარიტება, და . . . ყველაზე დიდი პრობლემა - ნდობა, ვგრძნობ რომ ეს რადიკალურად იცვლება , უანგაროდ, მიამიტად მინდობიდან, ეჭვითა და შიშით სავსე უნდობლობა მიპყრობს.
და მაშინვე ვიწყებ ძებნას, გონების გადართვას, ასე რომ გაგრძელდეს დავიწვები, ჩავქრები. გონებას არ უნდა მივცე ფიქრის უფლება, დღე, ღამე, ისევ დღე და ფიქრი, ფიქრი და ფიქრი,
ეხლა ძალიან მომინდა ერთი კარის გასაღების ჭუჭრუტანაში შეხედვა, რომ მახსენდება ისე ემოცია უცნაური გრძნობა მიპყრობს, თითქოს სხვა განზომილებაში გადავდივარ, იქ სადაც მუდამ სითბო და სიკეთეა, და ალიონზე დიდი ბრდღვიალა მზე ამოდის, ცას ვარდისფერისა და მტრეისფერის ნაზავით აფერადებს და სითბოა, სითბო, უზომო სითბო და სიყვარული.
რომ მახსენდება მისი თვალები და სახე, თეთრი, ლამაზი ნაოჭებით დაფარული, უნაზესი კანი, მისი ასაკისდა მიუხედავად სულ მაოცებდა. ისეთი იყო, შეხედვისთანავე რომ გაიფიქრებდი რა ლამაზი იქნებოდაო. ხელზე ულამაზესი პატარა ფირუზისთვლიანი ოქროს ბეჭედი ეკეთა , ორი პატარა ლამაზი მარგალიტის საყურე, არასდროს არ იხსნიდა - მან გამიკეთაო, როგორ ვიჯექი მასთან პატარა სკამზე და შევყურებდი მთელი არსებით და გაფაციცებით , განცვიფრება, გაოცება , სიხარული, ცრემლები . . . და არ ვიცი კიდევ როგორი და რანაირი ემოცია მიპყრობდა მისი მოსმენისას, ის იჯდა და გაბრწყინებული თვალებით ყვებოდა, სულ ყვებოდა . . . იმდენად პატარა ვიყავი რომ აღარ მახსოვს არცეთი მისი მონაყოლი ამბავი, მხოლოდ ემოციები მახსოვს, უსაზღვრო ემოციები , და ის რომ ბაბუასგან განსხვავებით მისი ნაამბობი ზღაპრები არ იყო, რომ სინამდვილეს ეხებოდა. ის ჩემი ბებიას და იყო. ოთხი თვის ფეხმძიმე დატოვა ქმარმა, წაიყვანეს და აღარ მობრუნდა, ის კი ელოდებოდა და ამ მოლოდინითა და მოგონებებით იცხოვრა 81 წელი. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი მასთან, რომ ისევ სი ფერადი სამყარო გაგრძელებულიყო, ტრაგიკული მაგრამ მისთვის ისეთი ლამაზი და სიყვარულით სავსე რომ პატარა ბავშვსაც კი მატყვევებდა. როგორც კი მივიდოდი შუბლზე მაკოცებდა აუცილებლად რაღაცას დამახვედრებდა სასუსნავს, ჯერ არ გამისინჯავს ისეთი ბლინის გემო როგორსაც ის აკეთებდა, დავყვებოდი, ფეხებში ვედებოდი და ველოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს,
ერთი ოთახი იყო მის სახლში მუდამ ჩაკეტილი, არასდროს არ აღებდა. ერთხელ დედიკოს ვკითხე რატომ არ აღებს მეთქი, მისი ქმარი რომ წავიდა მას შემდეგ არ გაუღიაო, ( მარტო მე კი არა უფროსებსაც თურმე ძალიან აინტერესებდათ იქ შეხედვა  რა უცნაურია) . ისეთი იდუმალებით მოცული იყო ის ოთახი ჩემთვის, არ ვიცი მითქვამს თუ არა მისთვის იქ შესვლა მინდათქო მაგრამ დარწმუნებული ვარ აუტანელი სურვილის მიუხედავად არ ვეტყოდი, ის ისეთი თვალებით შეხედავდა ხოლმე ამ კარს, მასთან ერთად იქ შეჭყიტვის მრცხვენოდა, როგორც კი მარტო დავიგულებდი თავას იმ ოთახთან მაშინვე გასაღების ჭუჭრუტანადან ვათვალიერებდი, ბევრს ვერაფერს ვხედავდი, ბუხარი, ზედ შემოდგმული ძველი ნავთის ლამფა და ხის ტახტის მოჩუქურთმებული კუთხე ჩანდა, მეტი არაფერი. მენატრება მისი თბილი თვალები, მისი გაღიმება. დღემდე უცნაური ასოციაცია მაქვს დღის 3 საათთან, ამ დროს ავტობუსი მოდიოდა, როგორც კი ავტობუსი ჩამოდგებოდა ვიცოდი რომ მის ეზოში ლეღვის ხესთან უნდა გავსულიყავით , გაგვეხედა, და თითქოს რაღაც რიტუალის ჩასატარებლად მივდიოდით , ვემზადებოდი მეც , თუმცა არ ვიცი ასე რატომ ხდებოდა, ალბათ მასში ვხედავდი რაიმე განცდას თუ ემოციას, მარტო იმას ვხვდებოდი რომ ვიღაცას ელოდა, ვიღაც უნდა მოსულიყო, ეხლაც უცნაურ ემოციას მიტოვებს იმ ადგილისკენ გახედვა.
არ ვიცი, დღემდე ვერ ამიხსნია ასე რატომ იქცეოდა, ხანდახან ვფიქრობ მის მეზობლად ქალს 15 წლის დაკარგული ქმარი დაუბრუნდა ტყვეთ ჩავარდნილი ალბათ ეს არ უქრობდა იმედის ნაპერწკალს, . . მაგრამ რამდენი ხანი იყო გასული 1945 წლის შემდეგ, არ ვიცი. . . რა ვთქვა . . . სიტყვებს ვერ ვპოულობ. თითქმის არ შორდებოდა თავისი სახლის ეზოს, შვილი ეხვეწებოდა მარტო ცხოვრებას ჩემთან წამოდიო. მისი ხსნებისას თუ მასზე საუბრისას ყველას უცნაური მოწიწება და იდუმალება ეტყობოდა არ ვიცი . . .
მე ეხლა ვხვდები რომ ბედნიერება იყო იმ ადამიანის გვერდით ჩემი ბავშვობის ლამაზი მოგონებებით შევსება.
მერე გადაწყვიტეს რომ მისი ძველი ხის სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, და დაანგრისეს , მახსოვს როგორ ვიდექი მის ეზოში და მასთან ერთად ვტიროდი ის ოთახი არ დაანგრიოთ მეთქი, და ჩამოიშალა . . . გასაღების ჭუჭრუტანიანი კარიღა იდგა ფეხზე და დავინახე ოთახი , სადაც ყველაფერი ისე იდო თითქოს ეს ესაა ოთახიდან გავიდნენო . . . სკამის საზურგეზე გადაკიდებული შარვალი, ტანსაცმლის პატარა ლამაზი კარადა, ნაცნობი ბუხარი, ლამფა , ტახტი და პატარა მაღალ ფეხეზე შემდგარი მაგიდა ნაქარგით გადაფარებული. პაწაწინა რკინის უთო, ის უთო აიღო და მომაწოდა. ისეთი თვალებით შემომხედა რომ გავოცდი მაშინ, ეხლა ვხვდები რომ სიცარიელე იყო ის რასაც მაშინ ვერ მივხვდი. მას შემდეგ აღარ მინახავს, მანამ სანამ მის ცხედარს არ მივუახლოვდი და დავხედე როგორ მშვიდად წევს მეთქი.
სახლის დანგრევის შემდეგ შვილმა თავისთან წაიყვანა, ავად გახდა დიდხანს იავადმყოფა, მერე კი ფსიქიურად დაავადდა, რეალობას მოშორდა , ამ ქოსიდან და დაუნდობელი ცხოვრებიდან გონება გაათავისუფლა . . უკვე მასთან ერთად იყო . . . რამდენჯერმე სახლიდან გამოეპარათ და ყოველთვის ერთი და იგივე ადგილზე პოულობდნენ , მდინარეზე დიდი ხის ხიდთან, მერე გამოარკვიეს მისი ტექსტებიდან რომ თურმე მას შეხვდა პირველად იქ.....
რამდენჯერმე მომიწია იმ ეზოსთან გავლა მაგრამ ვერ ვაიძულე თავი ჭიშკარი შემეღო და შიგ შევსულიყავი . . . ნახევრად ჩამონგრეული სახლი, არც არაფერში გამოუყენებიათ და არც ახალი აუშენებით, რამდენადაც სიხარულით გავრბოდი მაშინ იმდენად უცნაური საწინაარმდეგო განცდით ვეღარ შევდგი იქ ფეხი.
ერთხელ სიზმარში ვნახე , ოქროსფერ ფერებში გახვეულ ულამაზეს ადგილზე , პატარა ლამაზი სახლი ქონდა, თბილი, ლამაზი , სათნო სიყვარულით სავსე, ჩამიხუტა, მომეფერა, მითხრა კარგად ვარო და გამომიშვა. აქედან უნდა წახვიდე შენი აქ დარჩენა არ შეიძლებაო. ვერასდროს ვერ ვიხსენებ ამ ადამიანს ცრემლების გარეშე, ერთადერთი იმას ვნანობ რომ უფრო დიდი არ ვიყავი რომ ჩემი მოგონებები ბუნდოვანი კი არა უფრო მკაფიო ყოფილიყო და უფრო მეტის აღქმა შემძლებოდა.
რა იყო ის, რას განიცდიდა და რა ერქვა ამ ყველაფერს . . . მერე როცა წამოვიზარდე ვოცნებობდი მეც ისე მყვარებოდა . . .
და დავიწყე ფიქრების სამყაროში ცხოვრება, ის რასაც რეალობაში ვერ ვპოულობდი ფიქრებში ვასხავდი ხორცს. და ვაგრძელებდი ამბავს . . .
ერთხელ ბიცოლა დამხვდა სახლში დედიკოს რაღაც ამბავს უყვებოდა, ეტყობა რაღაც უცნაურს ისეთი სახეები ქონდათ ჩამოსულაო და . . . თავისი თანამშრომლის ამბავს ყვებოდა. . . როგორ უყვარდათ ერთმანეთი თურმე ადრე . . . მერე ვიღაც ბიჭმა მოიტაცა, «ქურდობის მაძიებელმა» თუ «ქურდმა» გოგოს შეეშინდა რომ მას რამეს დაუშვებდნენ და არ დაბრუნდა მასთან, ის კი წავიდა, გაეცალა, ქვეყნიდანაც კი. და გავიდა 30 წელი , ქალს ქმარი მოუკვდა წელი როგორც კი გავიდა, წერილი მოუვიდა მისგან, შენი ნახვა თუ შეიძლებაო და უთქვამს მე არასდროს მიმიტოვებიხარ, ყოველთვის შენთან ვიყავი, შენი ყოველი ნაბიჯი და ემოცია ვიცოდი, (თურმე იქ გერმანიაში სახლის კედლებზე სულ მისი სურათები ქონიაო) რახან ეხლა თავისუფალი ხარ მინდა ისევ შემოგთავაზო ჩემი გულიო, ქალს კი უარი განუცხადებია, რაღა დროს ჩემი გათხოვებაა, სირცხვილია, ამხელა შვილები მყავს, ხალხი რას იტყვისო, შვილები კი ეხვეწებიან , ჩვენ ნუ მოგვირიდებ გაყევიო. ისეთი ტირილი ამივარდა მაშინ ძლივს მაწყნარებდნენ. . . მთელი გულით ვლოცულობდი იმ კაცს ის ქალი გაყოლოდა . . . ოცნებებში ათასნაირად მოვუგვარე ჩემი სულელი ჭკუით . . . შეიძლებოდა ბავშვს ასეთი ოცნებები ქონოდა
მერე აღმოჩნდა რომ იმ ქალს კიბო რამდენიმე თვეში გარდაიცვალა . . . გასვენებაზე უამრავი ხალხი იყო, ერთი ქალი იდგა მის კუბოსთან და ამ ქალის წერილს კითხულობდა მისთვის დაწერილს, ყველა ტიროდა მის გარდა, ის იდგა და ქალის ცხედარს დაჰყურებდა თვალმოუშორებლად გაქვავებული და მკვდრისფერი სახით . . . იმ წერილმა ისე იმოქმედა, რომ შემაგრძნობინა თუ რა შეიძლება იყოს ტკივილი, ნამდვილი ტკივილი . . . ყველა მეცოდება, ყველაფერს განვიცდი, მშიერი, გაჭირვებული , ავადმყოფი, შეციებული, უსახლკარო, უქონელი, უპოვნელი მაგრამ სიყვარულ დაკარგულის ტკივილის შეგრძნებას სულ სხვანაირად აღვიქვამ, ისე მძაფრია ჩემში რომ არ შემიძლია ნებისმიერი ასეთი ამბავი მშვიდად მოვისმინო, ნებისმიერი ასეთი სიტუაცია მშვიდად მივიღო , და ყველაზე მეტად ამის მეშინია ნამდვილი სიყვარულის ტკივილის, მაგრამ ამავე დროს მიზიდავს საშინლად მიზიდავს ასეთი გრძნობა 50/50 , ეს ისეთი ემოციაა რომლის გარეშეც ცარიელია ცხოვრება, ერთმა მითხრა მიყვარხარო მე კი მთელი კვირა ვტიროდი, რა გატირებსო, ის რომ მე არ შემეძლო მისთვის მეპასუხა. არ ვიცი რატომ ვარ ასეთი, ხომ შეიძლება სხვებივით ვიყო. გრძნობის გარეშე უფერო და უელფეროა ყველაფერი . . . მისით კი სავსე, ისეთი სავსე რომ ყოველი წუთი ავსებს შენს ცხოვრებას, ავსებს და აბედნიერებს, ადამიანურ ბედნიერებას გაგრძნობინებს . . . მე ვერ ვიტყვი ყველაფერს რასაც ის მოიტანს ცხოვრებაში. და ვუსმენდი, ვიგებდი ასეთ ამბებს, ვუყურებდი როგორ უყვარდათ ადამიანებს ერთმანეთი მართალია ასეთები იშვიათად იყო მაგრამ იყო, . . .
ჩემი ოცნებების სამყარო (თავშესაფარი, ჰიუგოს ერთი ზღვის ყურესავით ადგილი) . . ივსებოდა და მრავალფეროვნდებოდა ხან რეალური ამბებით, ხან წაკითხული წიგნების და ნანახი ფილმების ფრაგმენტებით, და ხანაც ფანტაზიის სივრცეებით) ივსებოდა და რაღაც უცნაურ სახეს იძენდა, თითქოს ჩემი პარალელური სამყარო იყო, სადაც სიკეთე, სითბო, სიყვარული, ერთგულება, პატივისცემა, ზრუნვა, თავგანწირვა, სინაზე . . . ყველაფერი , სავსე სიცოცხლისთვის -იყო. და გული და ფიქრი ამ ყველაფრით სავსე, უკვე გაცემას ითხოვდა, მაგრამ ისე ხდებოდა ვნანობდი, ბაბუას ანდაზა მახსენდებოდა- ვირს მარგალიტები არ უნდაო.
რომ ვიფიქრე დამთავრდა, მოვრჩი, აღარ დავიწყებ ძიებას და გულს გავუფრთხილდები მეთქი, ერთი ნავსაყუდელი აღმოვაჩინე . . . თითქოს ნაცნობ ადგილს გავდა, თითქოს ის იყო რასაც ვეძებდი, და ძალიან გავდა ჩემი ზღვის ყურეს. და დავუშვი ფიქრში რომ ის ჩემნაირია, ჩემია, და ამიტომ გაგებას და მიღებას შეძლებდა. რომ უკვე შემეძლო დავხარჯულიყავი იმ ყველაფრით სავსე. ნელნელა მკვეთრდებოდა კონტურები, ძილბურანიდან გამოსულივით ფიგურას რომ ხედავ , მაგრამ სიმკვეთრე უნდა შეიძინოს, სახე მიიღოს და . . . ისევ შიში, ტკივილის შიში გამიჩნდა ისევ ის - 50/50 ზე.
ხანდახან ვფიქრობ, იქნებ შიშისაც უნდა მეშინოდეს . . . რომ ამ შიშში არ დავკარგო, არ გამომეპაროს ის წუთი რომელიც მერე ცხოვრებას გამივსებს . . .